ფსიქოლოგია

ყველასათვის ცნობილია, რომ თამაში, როგორც აქტივობა, ბავშვისთვის დაკავშირებულია სიამოვნებასთან. თანამედროვე მიდგომები განათლებასა და ფსიქოლოგიაში ცდილობენ თამაშისა და სიამოვნების ფენომენი დაუკავშირონ სწავლის პროცესს. თუ პედაგოგი აღნიშნულ მეთოდს იყენებს პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა მასალის ბავშვებისთვის უკეთ შესასწავლად, ფსიქოლოგი ამ დროს აქცენტს აკეთებს კოგნიტური სისტემის მთავარი ნაწილების (ყურადღება, მეხსიერება, აღქმა) დამუშავების პროცესზე. ყურადღება, მეხსიერება, აღქმა არის სწორედ ის გზები, რომლის მეშვეობითაც ყოველმა ახალმა ინფორმაციამ უნდა შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში. სწორედ ამ უნარების გავარჯიშება არის ფსიქოლოგიის საათის ერთერთი მთავარი მიზანი GMS-ში.

აღქმა

აღქმა არის პროცესების ერთობლიობა, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ამოვიცნობთ და მნიშვნელობას ვანიჭებთ გარემოდან მიღებულ შეგრძნებებს, შესაბამისად გავარჯიშებული აღქმა, ნიშნავს კარგ შემეცნებისთვის მზაობას.ამ უნარის გაუმჯობესება-დახვეწაზე მუშაობა ფსიქოლოგიის საათის დროს მიმდინარეობს უამრავი სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით, ამასთან, არცერთი აქტივობა არ მეორდება რამოდენიმეჯერ ერთსადაიმავე ჯგუფთან. სურათზე მოცემულია აღქმის გასავარჯიშებელი ერთერთი დავალების ნიმუში.

ყურადღება

„ყურადღება ადამიანის აზროვნების საფუძველია, რადგან იგი ადგენს იმ ინფორმაციას, რომელიც ყოველი ამოცანისას იქნება განხილული“ - ლორა ბერკი. გარდა იმისა, რომფსიქოლოგიის საათის მიმდინარეობისას ყველა აქტივობა, ბავშვებისგან მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, რათა სხვადასხვა თამაშისა თუ სავარჯიშოს წესი სწორად იქნეს გაგებული, ჩვენ ასევე გვაქვს ყურადღების მაკონცენტრირებელი სპეციალური დავალებებიც. ასეთია მაგალითად დავალება: *ფოტოზე იპოვნე და შემოხაზე ყველა ვარსკვლავი

მეხსიერება

ცნობილია, რომ მეხსიერება შუა ბავშვობის ასაკში გიგანტურ წინსვლას განიცდის, ამიტომ მას სჭირდება მუდმივი მუშაობა და შემეცნებისთვის სასარგებლო მიმართულებით წაყვანა. ამ უნარის გავარჯიშების შესაბამისი აქტივობა შემდეგნაირია:

ბავშვებს ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც გამოსახულია მხოლოდ ცარიელი უჯრედები, შემდეგ მათ 50 წამის განმავლობაში ჯგუფის ფასილიტატორი დაანახებს გაფერადებულ უჯრედებს. ბავშვებმა უნდა დაიმახსოვრონ თუ რომელი უჯრები იყო გაფერადებული და შესაბამისად აღნიშნონ საკუთარ ცარიელ გრაფებში. სავარჯიშო თანდათან რთულდება მოსწავლეების შესაძლებლობების შესაბამისად- იზრდება უჯრების რაოდენობა, ფერების რაოდენობა და ა.შ.

გარდა ამ წამყვანი უნარებისა ფსიქოლოგიის საათის დროს ხდება მუშაობა ბავშვების კრეატიულობაზე, წარმოსახვის უნარზე, აზრის სწორად გადმოცემაზე და რელაქსაციაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქცენტირებულია, რადგან არ მოხდეს ბავშვების გადაღლა და სასწავლო გარემო და პროცესი მათთვის არ დაკავშირდეს უარყოფით ემოციებთან. ამისთვის ვიყენებთ სხვადასხვა ფიზიკურ რელაქსაციურ სავარჯიშოებს მცირეწლოვანი ჯგუფების შემთხვევაში და მართული წარმოსახვის სავარჯიშოებს უფროსკლასელების შემთხვევაში.

რაც შეეხება მოსწავლეთა მშობლებს, მათ შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში, მიიღონ ინფორმაცია ბავშვების განვითარების შესახებ, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციები ფსიქოლოგისგან და საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სწორი ინტერვენცია.